“სპარტაკი” მეორეა! 2014-09-26

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 2:1 (0:0)

25 სექტემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

სპარტაკი: ნადირაძე, გიგაური, შინდაგორიძე, ივანიშვილი, მახარობლიძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ჭაფოძე (კ), იოსელიანი, თექთურმანიძე (ბექა მუმლაძე, 90+4), ნიკა კაჭარავა (მაქაცარია, 82).

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა.

ზუგდიდი: თევდორაძე, ქომეთიანი, ქურდაძე, მირცხულავა, აკობია, ტყემალაძე, კუკავა, დათა ქირია (ლომაია, 82), ნიკა ქირია (გულორდავა, 62), შოთა ლომია (კ), ირაკლი ეხვაია (ვახტანგ კვარაცხელია, 46).

მთავარი მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე.

გოლები: 1:0 შინდაგორიძე (61), 2:0 ივანიშვილი (62), 2:1 ლომია (73)

გაფრთხილება: მაისაშვილი (6), ტყემალაძე (31), ეხვაია (43), ქურდაძე (74), ქურდაძე (77), გიგაური (78).

გაძევება: ქურდაძე (77).

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა.

წინა ტურში, სტუმრად ბათუმის “დინამოსთან” გამარჯვების (1:0) შემდეგ, “სპარტაკმა” “ზუგდიდს” სძლია და ვიდრე პარასკევ-შაბათს ტურის დანარჩენი მატჩები ჩატარდება, მეორე ადგილზეა. “სპარტაკს” არსებობის ისტორიაში ეროვნულ ჩემპიონატში საუკეთესო სტარტი აქვს. ზუგდიდელები კი, ჩემპიონატში გამოსვლას კვლავ გამარჯვების გარეშე აგრძელებენ.

ოთხშაბათს, მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალის მერე, ზოგიერთი გულშემატკივარი ხუმრობდა, რომ მსაჯები “ყვითელ-წითლებს” აღარ აჩვენებენო. თუმცა, “სპარტაკი”-“ზუგდიდის” არბიტრმა ფეხბურთელებისთვის არც ყვითელი ბარათები დაიშურა და ერთი მოთამაშე გააძევა.

მატჩის დასაწყისში უპირატესობა ზუგდიდელებს ჰქონდათ, რომელთაც ორი საგოლე მომენტი შექმნეს. ჯერ შოთა ლომიამ ვერ ისარგებლა მცველ ლევან ჭაფოძის შეცდომით და კარიდან გამოსულ გიორგი ნადირაძეს ბურთი თავს ზემოთ არაზუსტად გადაუგდო. შემდეგ, ირაკლი ეხვაია შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან და მახვილი კუთხიდან მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. ამ ეპიზოდის მერე, თამაში 5 წუთი შეჩერდა, რადგან ბადე ცხინვალელთა კარის ჩარჩოზე იყო დასამაგრებელი.

ტაიმის შუაწელში, ბიძინა მახარობლიძემ მარცხნიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, სტუმართა კარის წინ მყოფი ლაშა შინდაგორიძე მოძებნა, მეკარემ გუნდი გოლის გაშვებისგან აშკარად იხსნა. ამის შემდეგ, ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მახარობლიძემ მარცხნიდან კუთხური მოაწოდა, “ზუგდიდის” კარის შორეულ კუთხესთან საჰაერო ორთაბრძოლა დავით მაისაშვილმა მოიგო, ხოლო გივი იოსელიანმა ორი მეტრიდან ბურთი მიზანს ააცილა. შესვენებაზე ბადე საფუძვლიანად დაამაგრეს.

მეორე ტაიმი ცოტა ხნის დაწყებული იყო, რომ მოედნის ცენტრიდან მაისაშვილის პასის შემდეგ, იოსელიანი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი შინდაგორიძეს გაუკეთა, რომელსაც თევდორაძემ კარი არ დაანება. მალევე, მარჯვენა ფლანგზე შეტევაში ჭაფოძე ჩაერთო, რომლიც ჩამოწოდების შემდეგ, შინდაგორიძემ ახლო მანძილიდან თავით ბურთი კარს ააცილა.

რამდენიმე წუთში, მარცხენა ფლანგზე შეტევა ლევან აკობიამ წამოიწყო, რომელმაც ლაშა კუკავა მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი, მეტოქის საჯარიმოში შოთა ლომია დროულად შენიშნა, მაგრამ ზუგდიდელთა კაპიტანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

სამი გამოუყენებელი შანსის მერე, შინდაგორიძემ თავისი გოლი მაინც გაიტანა, როდესაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან თევდორაძეს აუღებლად დაურტყა – 1:0. ერთ წუთში, თავი გიორგი ივანიშვილმა გამოიჩინა, რომელიც “ზუგდიდის” საჯარიმოში ჯერ ლევან ქურდაძეს გასცდა, მერე კარიდან გამოსულ თევდორაძეს და ცხინვალელები კიდევ უფრო დააწინაურა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ვახტანგ კვარაცხელიამ “სპარტაკის” საჯარიმოს მისადგომებიდან “სტანდარტული” სახიფათოდ შეასრულა და გიორგი ნადირაძე მარჯვენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი კუთხურზე მოიგერია. მომხდარიდან მცირე ხანში, “სპარტაკის” საჯარიმოში შექმნილი არეულობის დროს, მთავარმა მსაჯმა ბაკურ ნინუამ ცხინვალელთა მცველ მაისაშვილზე ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი დანიშნა, რომელიც ლომიამ გამოიყენა.


77-ე წუთზე, ლევან ქურდაძემ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “ზუგდიდი” კაცნაკლული დარჩა. “სპარტაკმა” ამით ისარგებლა და ზედიზედ სამი სახიფათო მომენტი შექმნა. მარცხნიდან იოსელიანის პასის მერე, ნიკა კაჭარავამ ერთობ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთს თავი ვერ შეაგება. ამას საჯარიმოს გარედან გიორგი თექთურმანიძის დარტყმა მოჰყვა და თევდორაძემ ივაჟკაცა. მალევე, თამაზ მაქაცარია “სპარტაკის” მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი ვერ ააცილა. საბოლოოდ, ცხინვალელებმა სამი ქულა აიღეს და გათამაშების ლიდერებში არიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

 

 

 

უკან დაბრუნება  

საქართველოს 30-ე ეროვნული ჩემპიონატი

ეროვნული ლიგა

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (ბათ.) 27 16 7 4 41-13 55
2. ვიტ ჯორჯია 27 11 10 6 31-22 43
3. გაგრა 27 12 7 8 38-33 43
4. ნორჩი დინამო 27 12 6 9 43-34 42
5. თელავი 27 11 9 7 31-27 42
6. შევარდენი 1906 27 9 8 10 27-33 35
7. ცხინვალი 27 8 5 14 25-43 29
8. მერანი 27 6 10 11 27-32 28
9. შუქურა 27 7 6 14 33-44 27
10. სამგურალი 27 7 4 16 30-45 25
მომდევნო მატჩი  

20.10.2018. 13:00 

თბილისი. "დ. პეტრიაშვილი"

29 - ე ტური


? : ?
ცხინვალი       ვიტ ჯორჯია
წინა მატჩი  

07.10.2018. 16:00

მცხეთა. "მცხეთა პარკი"

27-ე ტური


2 : 0

 ცხინვალი

     

თელავი

 

   



 
web-style.ge